პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ეკა ბესელია ქართული ოცნების ახალ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნაც იყო. როგორც ბესელია ამბობს, ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებამდე მოკლე დროში ამ ცვლილებების მიღება დროში აცდენაა.
ბესელიას თქმით, პარლამენტმა ამ ცვლილებასთან ერთად ხმების დაცვის მექანიზმზე მისი პროექტიც უნდა განიხილოს.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა იყო ოპოზიციის მოთხოვნა, როდესაც საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობდით, უარი თქვა მაშინ ქართულმა ოცნებამ ამ ცვლილებების მიღებაზე. ახლა ამ ინიციატივის წარდგენა არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროში მგონია, რომ არის აცდენა. დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები.
თუ ამ ინიციატივას ახლა, სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადებაა და ის პროექტი, რომელიც წარვადგინე. ხმების დაცვის მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს ამომრჩევლის ხმა. ეს ინიციატივა განიხილონ ამ პაკეტთან ერთად",-აცხადებს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქცია განისაზღვრება. თალაკვაძის თქმით, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და ფულადი ჯარიმისა და შინაპატიმრობის გარდა, სანქცია შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთაც.